საქართველოს თავდაცვის ძალები 28 წლის გახდა (+ფოტო)

საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე იმართება. ცერემონიალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ სამხედროებს პატივს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია გმირების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე მიმდინარეობს, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა გვარეობის ქვედანაყოფია წარმოდგენილი.

აგრეთვე, გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალიც. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ გადაეცემათ. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრებს საშუალება ექნებათ სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ.

შეიარაღებული ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანები, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, ასევე, გმირების ოჯახის წევრები დაესწრებიან.

ბრიგადის სტადიონზე გაიმართება სპორტული შეჯიბრებები – ლელო ბურთის ფინალი, ბაგირის გადაწევა და ესტაფეტა. სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის კი, სპეციალური გასართობი პროგრამაა მომზადებული. გასართობ ღონისძიებებს მუსიკალურად დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბენდი გააფორმებს.