უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის ხელის შეწყობა დასჯადი გახდება

საქართველოს პარლამენტი უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული „სისხლის სამართლის კოდექსის“ გამკაცრებაზე მუშაობს. დეპუტატებმა ცვლილებას დღეს უყარეს კენჭი. (78 მომხრე, არცერთი – წინააღმდეგი)

კანონპროექტის მიხედვით: „პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა, ან პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების, ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება“ – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კანონპროექტში შენიშვნის სახითაა დაკონკრეტებული, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან მხოლოდ ახლო ნათესავები, რომლებმაც შესაბამისი პირობები შექმნეს ან ორგანიზება გაუწიეს პირის უცხოეთის ტერიტორიაზე უკანონოდ დარჩენას.

ასევე, არ დაისჯება ადამიანი, რომელმაც უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად ახლო ნათესავს ხელი შეუწყო მცდარი ინფორმაციის წარდგენაში ან ორგანიზება გაუწია ამ პირის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენას.

კანონპროექტის მიხედვით, დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნება არაერთგზის, 2 ან მეტი პირის მიმართ და თანაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ექვს წლამდე. იმავე დანაშაული, რომელსაც ორგანიზებული ჯგუფი ჩაიდენს – ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

პროექტში მითითებულია ჯარიმის მინიმალური ზღვარიც, რომელიც იურიდიულ პირს დაეკისრება,  ეს თანხა შეესაბამება ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ათმაგ ოდენობას.

კანონპროექტის ამოქმედება კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს იგეგმება.