შსს-ს ინფორმაციით პანკისში 27 ადამიანია დაშავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირების შედეგად ჯამში, 27 ადამიანი დაშავდა. აქედან 12 ადგილობრივია, 15 კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი.

პანკისში შექმნილ ვითარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძის განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაშავებული რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

„მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში შეხვედრას მართვას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მანამდე კი მოგაწვდით ინფორმაციას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5 მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა.
უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა.
მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“,- განაცხადა ჭელიძემ გამართულ ბრიფინგზე.