მთავრობის უახლოეს სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობა დამტკიცდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ბახტაძემ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის პირველივე დღიდან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა.

„ყველა მინისტრისთვის მქონდა დავალებული აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, ძალიან აქტიურად საუბრობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და მოგეხსენებათ, მიღწეულია შეთანხმება. რაც შეეხება თავად კომისიას, მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას ხელახლა დავამტკიცებთ და ეს სავარაუდოდ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე, მომდევნო კვირას მოხდება. ამის შემდეგ დელიმიტაციის საკითხებზე საუბარი ორი ქვეყნის კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.