ტყიბულში მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა

ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. სამაშველო ოპერაციაში ასევე ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი.

ადგილზე, მობილიზებულია პოლიციის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.