აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია დავით გარეჯთან დაკავშირებით

აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსწრაფესი დელიმიტაციის საჭიროებაზე, აზერბაიჯანულ მედიასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლეილა აბდულაევამ ისაუბრა.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი უახლოეს დროში დასრულდება. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მზადაა ამისთვის. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით წყდება, ასევე ერთობლივი კოორდინაციის ფარგლებში ორმხრივ ფორმატში. მიმდინარეობს ხოლმე სახელმწიფო კომისიის სხდომები. დღევანდელ დღემდე 11 ასეთი სხდომა არის ჩატარებული. მთლიანობაში, სახელმწიფო კომისიის ფარგლებში სახელმწიფო საზღვრის 480-დან 314 კილომეტრი შეთანხმებულია. 166 კილომეტრის შესწავლა კი ექსპერტების დონეზე მიმდინარეობს”.-განაცხადა აბდულაევამ.

აბდულაევას ცნობით, ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც მხარეები აღნიშნულ პროცესში ეყრდნობიან 1938 წლის სქემატური რუკაა. ასევე, აბდულაევას განცხადებით, არსებობს 1942 მიღებული რუკა და 1963 წელს დამტკიცებული რუკა. დელიმიტაციის პროცესში სამუშაო ჯგუფის დონეზე მხარეები სწორედ ამ რუკას ეყრდნობიან და აქამდე ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეოს წარმომადგენლის განცხადებით, პრობლემა არ შექმნილა.

საქართველოსა და აზრბაიჯანს შორის ზუსტად დადგენილი საზღვარი არ არსებობს. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სწორედ საზღვართან მდებარეობს და მის ნაწილს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

შეგახსეენებ, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება არ მისცეს.

წყარო: netgazeti.ge