არასრულწლოვანი ბოლნისის პოლიციას წამებასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

არასრულწლოვანი, ბოლნისის პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს. ბიჭმა განცხადება ადვოკატებთან ერთად გააკეთა.

არასრულწლოვანი ბოლნისის პოლიციაში მიმდინარე წლის თებერვალში მიიყვანეს. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ის სცემეს და ემუქრებოდნენ, რომ არაღიარების შემთხვევაში, გააუპატიურებდნენ.

არასრულწლოვანი ცემაში ბოლნისის რაიონული სამმართველოს უფროსს ადანაშაულებს.

“გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი(ბოლნისის პოლიციის უფროსი). ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა და თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, ახლა მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთ, რაც მე ვერ ვათქმევინეო.

შემდეგ როდესაც წავიდა, იქ დარჩა 7 კაცი, თუ კარგად მახსოვს. მათ გააგრძელეს შეურაცხყოფები, ფურთხება, გინება და მუქარა, რომ თუ არ იტყვი ვინ იყო შენთან ერთად და ის დანარჩენი ოქრო სად იმალება, ბოთლზე დაგსვამთ.

როდესაც ეს მითხრეს, ერთ-ერთი ადამიანი, არ ვიცი, რა ერქვა, მეორე ოთახში გავიდა და გამოიტანა ბოთლი. ვანო ქევხიშვილი და ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო პოლიციელი, მოვიდნენ და მეჯიკავებოდნენ, რომ სკამიდან ავეყენებინე”, – განაცხადა არასრულწლოვანმა პრესკონფერენციაზე.

ბიჭის განცხადებით, ვიდეოს უღებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ინტერნეტში გაუვრცელებდნენ:

“შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავის სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ, გვატყუებსო. როდესაც მაიკა გამხადეს, მოტეხილი ხელი დაინახეს, შეეშინდათ და გაიქცნენ. ერთ-ერთი დარჩა, რომელმაც წამიყვანა და გზაში მაგინებდა, მირტყამდა მოტეხილ ხელში.

როდესაც შევიდა საავადმყოფოში, მშობლების გარეშე არ მივიღებთო და ეს გამწარებული რომ ჩაჯდა მანქანაში, აი, რა დამმართეო, შენ გამო უნდა ვირბინოთ და ფული უნდა გადავყაროთო, მეუბნებოდა. რაც ახლა იმათ გითხრეს და ვერ გააკეთეს, ახლა მე რომ მიგიყვანო, გაგაუპატიურებთ და ვიდეოსაც გადავიღებთო. რაღაც წამალი იყო, მაგას დავლევთო, ისე შენთან ვერ მოვალო“-განაცხადა დაზარალებულმა ბიჭმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ ბიჭი დაზარალებულად უკვე სცნო. ასევე, მომხდარიდან მალევე გაათავისუფლეს ორი პოლიციელი.
პროკურატურის თანახმად, მომხდარს ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული წამების მუხლით, გამოძიება მიმდინარეობს.