ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში, 16 წლის მოზარდის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელთა ამოცნობის პროცესი დასრულდა. მოზარდმა კიდევ ერთი პოლიციელი ნ.ქ ამოიცნო.
ადვოკატის ინფორმაციით, ეს სწორედ ის პოლიციელია, რომელმაც მოზარდს ხელი მოტეხა. მისივე ინფორმაციით კიდევ 3 პოლიციელია ამოსაცნობია. ამ წუთებში მოზარდის გამოკითხვა კვლავ გრძელდება.
ადვოკატის ფრიდონ სუხიშვილის განცხადებით საქმეში ბრალდებული არცერთი პირი არ არის დაკავებული. მისივე თქმით ერთ-ერთი სამართალდამცველი რომელსაც ბრალი ედება აღნიშნულ საქმეში, სამუშაოდ გარდაბნის პოლიციაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, დღეს ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში, 16 წლის მოზარდის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელთა ამოცნობის პროცესი მიმდინარეობდა.
საქმეში ბრალდებული 3 პირი მოზარდმა თავიდანვე ამოიცნო. მათ შორის იყო ბოლნისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ სამართალდამცველებმა 16 წლის მოზარდი ბოლნისში ქურდობისთვის დააკავეს. მოზარდის განცხადებით, სამართალდამცველები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.