გარდაბანში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს(+ფოტო)

ქალაქ გარდაბანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყო. 

გარდაბანში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონიძიებები მიმდინარეობს.

ასევე მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, სადაც “გარდაბნის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის” სამუზეუმო ექსპონატები, ადგილობრივი მხატვრების, ხალხური რეწვის ოსტატების, ტექსტილისა და თექაზე შესრულებული ნამუშევრებია გამოფენილი.

ანიმატორების მიერ წარმოდგენილია საბავშვო შოუ-პროგრამა და პერფორმანსი ე.წ. „ოჩოფეხები“. 

სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე, მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, აგრეთვე სოლო შემსრულებლები და საგუნდო კოლექტივები წარსდგებიან.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან. 

სადღესასწაულო აქტივობები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ტარდება.