სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებების დროს მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესები კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადეს, რომლის ინიცირება 27 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებულია, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
ასევე , ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით; ინიციატივაში ნათქვამია, რომ მგზავრთა რაოდენობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.
ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი 500 კილომეტრს აღემატება, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი.