თელავის უნივერსიტეტის ეზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთმა პირმა, 24 წლამდე მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ნ.-მ ქალაქ თელავში, უნივერსიტეტის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1995 წელს დაბადებულ ა. კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყვარლის რაიონის სოფელ ენისლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 236-ე და 237-ე მუხლებით.”-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.