სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორმა ბრიფინგი გამართა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ ბრიფინგი გამართა. ბენიძის  თქმით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე არჩევნებმა მნიშვნელოვანო დარღვევების გარეშე ჩაიარა,თუმცა კენჭისყრა  დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა განსაკუთრებით კი ზუგდიდი და მარნეული გამოირჩეოდა  .

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის პროცესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ზუგდიდისა და მარნეულს საარჩევნო ოლქებში. რამდენიმე საარჩევნო უბანზე ან მათ მიმდებარედ დაფიქსირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები, რასაც რიგ შემთხვაში თან ახლდა არეულობა უბნებზე და ხმის მიცემის შეფერხება.

 

გამორჩეულად პრობლემური იყო მარნეულის #68 და #84 საარჩევნო უბნები. ამ უბნებზე კონცენტრირებული სახე ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას, რაც „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით ამ უბნების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

ხმის დათვლის პროცესში, ცალკეულ უბნებზე გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლების მიერ გაკეთებული მინიშნებები ბიულეტენებსა და კონვერტში ჩადებულ ფურცლებზე, რაც სავარაუდოდ ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საუბნო კომისიებში წარდგენილია 46, ხოლო საოლქო კომისიებში – 38 საჩივარი.

სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

 მარნეულის #68-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობდა და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სათანადოდ დაკვირვების საშუალება არ ეძლეოდა. ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი გაუმჭვირვალე იყო და რეგისტრატორები არ აკონტროლებდნენ ამომრჩევლების მიერ სიაში ხელმოწერის გრაფებს. კენჭისყრის კაბინა განთავსებული იყო მეორე სართულის მოაჯირის ქვეშ, რის გამოც, სხვადასხვა პირები კაბინაში შესულ ამომრჩევლებს დასცქეროდნენ, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას წარმოადგენს. დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტი. დარღვევების სიმძიმიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნებმა” უბანზე კენჭისყრის შეწყვეტა და კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა. ორგანიზაცია მოითხოვს ამ საარჩევნო უბნის ბათილობას. #84 სააჩევნო უბანზე კენჭისყრის დასრულების შემდგომ ელექტრო ენერგია გაითიშა და გაურკვეველმა პირებმა საარჩევნო ყუთი გატეხეს, რასაც კომისიის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება და ჩხუბი მოყვა. ელექტრო ენერგიის მოსვლის შემდგომ, კომისიამ ბიულეტენები ყუთში უკან მოათავსა და დათვლის პროცესი დაიწყო. „სამართლიანი არჩევნები“ მოითხოვს აღნიშნული უბნის ბათილობას.

მარნეულის #2 საარჩევნო უბანზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის უბნიდან გაძევების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით მას კომისიის წევრებმა თავდაპირველად საჩივრის წარდგენის საშუალება არ მისცეს, რის გამოც, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, საარჩევნო პროცესი უბანზე სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხოლო  #21 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას, რაც დამკვირვებლების მხრიდან მითითების შემდეგ აღიკვეთა. აღნიშნულ საკითხზე „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს შენიშვნის დაფიქსირების უფლება კომისიის მდივანმა არ მისცა. დამკვირვებლის უფლების შეზღუდვაზე რეაგირება არ მოახდინა კომისიის თავმჯდომარემ.

მარნეულის #5 საარჩევნო უბანზე 3 შემთხვევაში ამომრჩევლებმა კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღეს. აღნიშნულზე დამკვირვებლების რეაგირების შემდეგ ამომრჩევლებმა ფოტოები წაშალეს.
მარნეულის #44 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენი უბანზე მყოფ პირებს აჩვენა.

მარნეულის #25 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიებში არ იყო შესაბამისი აღნიშვნა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩევლებთან დაკავშირებით. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიამ დარღვევა აღმოფხვრა.
საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა
მარნეულის #24 უბანზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი უხეშად ერეოდა და ხელს უშლიდა კომისიის საქმიანობას. არაერთი გაფრთხილების შემდეგ, კომისიამ აღნიშნული პირის უბნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ის არ დაემორჩილა, რის გამოც უბანზე გამოძახეს პოლიცია და პოლიციის ძალით გააძევეს უბნიდან.
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნების მიერ მასალების გადაცემა გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. საუბნო საარჩევნო კომისიებს საარჩევნო მასალები და და დოკუმენტცია ერთ ტომარაში აქვთ დალუქული, ხოლო ოლქი ამ ტომრების ლუქს არ ხსნის და არ ამოწმებს წარმოდგენილ მასალებს.