მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარისხის ნიშნის მნიშვნელობას პროდუქციისადმი ნდობის გაზრდაში და აღნიშნა, რომ მისი ფლობა გაყიდვების მაჩვენებელს გააუმჯობესებს და მწარმოებლებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გაუმარტივებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რაც სწორედ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული პროდუქციის წარმოების გზით მიიღწევა. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, მთავრობა ე.წ ორგანული პროდუქციის მწარმოებლებს ეტაპობრივად გადასახადისგან სრულად გაათავისუფლებს.
„ჩვენ ნატურალური წარმოების დიდი ნაწილი უკვე გავათავისუფლეთ გადასახადისგან. გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა, რომ ყველა საწარმო, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ეს უმაღლესი სტანდარტი და აწარმოოს ბიოლოგიურად სუფთა, ე.წ ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ნაბიჯ-ნაბიჯ სრულად გავათავისუფლოთ გადასახადისგან. უფრო მეტიც, ჩვენი ამოცანაა, ასეთ წამოწყებებს მივცეთ მაქსიმალური ფინანსური სტიმული, რათა ყველა საწარმო გადაერთოს სწორედ ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის გამოშვებაზე. მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება და ეს არის შანსი საქართველოსთვის, ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ გლობალურ ბაზარზე, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოში ახალი მცირე საწარმოების შექმნას წაახალისებს.