სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 6 მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოების ნაწილი უკვე დაიწყო და ზოგიერთი მათგანი დასრულდა კიდეც. ხელშეკრულება გაფორმებულია 4.85 მლნ. ლარის ღირებულების 435 პროექტზე. მათ შორის, 28 პროექტი უკვე დასრულდა დუშეთის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის, დედოფლისწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში განხორციელდა გარე განათების, სანიაღვრე არხების, სასაფლაოს კეთილმოწყობის, გზების მოხრეშვის და წყლის სისტემების სამუშაოები. 2020 წლამდე ყველა პროექტის დასრულება იგეგმება.„სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა მთავრობის 1-ელი თებერვლის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა.

მოსახლეობის მიერ არჩეულ განსახორციელებელ პროექტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა; წყაროს მოპირკეთება; საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა; ხიდის შეკეთება; გარე განათების მოწყობა; სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და წყლის შეყვანა; ბიბლიოთეკისა და მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; გმირთა მემორიალის მოწესრიგება და კულტურის სახლის შეღებვა; საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა; სავარჯიშო ადგილის მოწყობა და სხვა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს“, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.