საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 8 ფაქტი გამოავლინა. აღნიშნული ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლის რეგიონშიც. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან, ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“- ის ფირმის 7 120 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.”-ნათქვამია განცხადებაში.