ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც რამდენიმე სოფელში წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად დატბორილია სარდაფები, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და მიწის ნაკვეთები.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტოაციების მარტვის სამსახური ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, კახეთიდან, ამ დრომდე 100-მდე შეტყობინებაა შემოსული. თითოეულ მათგანზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მყისიერ რეაგირებას ახდენენ.
ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი მდინარე – „კაბალი“, „არეში“ და „აფენი“ ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე სოფლების სახლების ეზოები, სარდაფები, პირველი სართულები და მიწის ნაკვეთები დატბორა.
მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის, კახეთში ვითარება სტაბილურია.” – ნათქვამია განცხადებაში.
ფოტომასალა: heretifm.com