მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას აღნიშნავს

აღდგომის მომდევნო კვირა დღე აღდგომის განახლებაა. მორწმუნეები ეკლესიაში იკრიბებიან და სადღესასწაულო წირვას ესწრებიან.
კვირაცხოვლობას თომას კვირასაც უწოდებენ. სახარებაში აღწერილია, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, გამოცხადებამდე თომამ მისი ღვთაებრივი ბუნების არ იწამა.

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.

ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი (საგანგებოდ გამომცხვარი პური) განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.