სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება.

კანონპროექტი პარლამენტში მესამე მოსმენით -102 ხმით დაამტკიცეს.

პროექტის გათვალისწინებით, სექსუალური შევიწროება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა -500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.