ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი, პაატა სამხარაძე აცხადებს, გაფიცულებმა ჭიათურის ის შესასვლელი გზები გადაკეტეს, საიდანაც მანგანეზით დატვირთული ავტომობილები გადაადგილდებიან. გაფიცულები მხოლოდ სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავენ. „გადავკეტეთ გზები და არ ვუშვებთ მანგანეზით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია“, – განაცხადა პაატა სამხარაძემ. მისი თქმით, 15 მაღაროელი შიმშილობას აგრძელებს.
მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 17 მაისს, დღის მეორე ნახევარში მიმართეს. მათ ღამე კარავში გაათენეს. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.