ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, 17 ივნისს, სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა.
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ არჩეული წარმომადგენლები შედიან. საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა სამი წლის ვადით ხდება. სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს, ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს და ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას.
როგორც ტვ4–თან საუბარში რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი აღნიშნავს, არჩევნები რუსთავის 26 სკოლაში მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ხმების თანაბარი რაოდენობის გამო მეორე ტურის ჩატარება მხოლოდ ორ, მე–3 და მე–6 სკოლებში გახდება საჭირო.