პირი, რომლეიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 1-ელი ივლისიდან ჩააბარებს, შესაძლოა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარებაც მოუწიოს.
აღნიშნულის შესახებ, საუბარია “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში.
პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.
ირკვევა, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება. ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ მარშრუტებზე ჩატარდება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პირი რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას 2019 წლის 1 ივლისამდე ჩააბარებს, გავრცელდება ამ კანონის 2019 წლის 1 ივლისამდე არსებული რეგულაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირები პრაქტიკულ გამოცდასაც ზემოთ აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული წესით ჩააბარებენ.
„გამოცდების რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარება წარმოადგენს, როგორც დირექტივის იმპლემენტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, ასევე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პრევენციულ ინსტრუმენტს, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ამაღლდეს საგზაო უსაფრთხოების ცოდნის დონე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ამჟამად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სავალალოა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და მისგან გამოწვეული შედეგების შემცირება და პრევენცია ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.