ნინო მამულაშვილი: “ვიმედოვნებ, რომ ზეწოლა შეწყდება და ჩემი შვილები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ”

მრავალშვილიანი დედა, რომელიც მე–11 მიკრორაიონის საცხოვრებელ კორპუსში ქირით 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს. ნინო მამულაშვილი TV4-ს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მასსა და მეზობლებს შორის კონფლიქტი გამწვავდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ნინო მამულაშვილის მცირეწლოვანი შვილი საერთო საცხოვრებლის ტიპის კორიდორში ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მეზობლების შენიშვნა კამათში გადაიზარდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.

ნინო მამულაშვილი ამბობს, რომ ლიფტის გაუმართაობისა და სიცხის გამო ბავშვებს ზოგჯერ კორიდორში თამაში უწევთ და ამის გამო ნებისმიერი ტიპის შენიშვნას მიიღებდა, თუმცა იგი ფიქრობს, რომ მეზობლები განსაკუთრებული აგრესიითა და ცინიზმით სხვა, მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო ეპყრობიან.

“ბავშვები ზოგჯერ კორიდორში თამაშობენ, მაღალი ტემპერატურის გამო ხშირად ეზოში ვერ ჩადიან და სახლშიც ვერ გამოვკეტავ. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი ველოსიპედს ატარებდა, რა დროსაც მეზობელმა ყვირილი დაუწყო, შემეშინდა ხელით არ შეხებოდა და სწრაფად გავედი. არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ მეზობლები ჩემი ოჯახის მიმართ განსაკუთრებული ცინიზმითა და აგრესიით გამოირჩევიან. ბავშვებს უპატრონოებს უწოდებენ, მეც ისეთი უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ, რომ ვერ გავიმეორებ. ნებისმიერ შენიშვნას გავითვალისწინებ, თუმცა როცა დავინახე, რომ ჩვენს მიმართ ასეთი აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ვერ შევეგუებოდი. ერთ–ერთმა მეზობელმა ხელიც კი მომკიდა და სახლში ჩემს ძალით შეთრევას სცდილობდა. მემუქრებოდნენ, რომ მათი მეუღლეები თავს მხოლოდ იმიტომ იკავებენ, რომ ორსულად ვარ, ორსულობის შემდეგ კი იმას მივიღებდი, რასაც ვიმსახურებ” – ამბობს ნინო მამულაშვილი.

TV4-კონფლიქტში მონაწილე მეზობლების პოზიციით დაინტერესდა. თუმცა ერთ–ერთმა მათგანმა უარყო კონფლიქტის არსებობის შესახებ, ხოლო მეორემ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

ნინო მამულაშვილი იმედოვნებს, რომ მეზობლების მხრიდან მასზე ზეწოლა შეწყდება და ის და მისი შვილები თავს უსაფრთხო და მშვიდ გარემოში იგრძნობენ.