აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 14:00 საათზე შეიკრიბნენ . მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგი გამართა. პრემიერმა სხდომაზე აღნიშნა რომ 20 ივნისს მათ მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური,ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა.
„ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვისნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური. დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს, გვაქვს კითხვის ნიშნები, ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება, ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით. მასში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა აღნიშნა,რომ მთავარი გამოწვევა ახლა აქციის დროს დაზარალებულთა ჯანმრთელობაა.
“ჩვენ დღეს სრულად ვართ ფოკუსირებული ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ დრულად მოვიშუშოთ ეს იარები. ეს იყო ძალიან მძიმე წუთები თითოეული ჩვენთაგანისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.