ზაფხულში ქვემო ქართლში არტ-ფესტივალი გაიმართება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი დღეს, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს, დავით ოქიტაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონში, მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილი მულტიფუნქციური არტ-ფესტივალის შესახებ იმსჯელეს და საორგანიზაციო საკითხები გაიხილეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასშტაბური ღონისძიება წელს მანგლისში, ღია ცის ქვეშ გაიმართება რომლის საკონცერტო ნაწილში, მონაწილეობას ყველა თაობის ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ. პროგრამა ყველა ასაკის მსმენელზე იქნება გათვლილი.
არტ-ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონის მუნიციპალიტეტების პავილიონების მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია მხარის ეთნო-კულტურული და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
მასშტაბურ არტ-ფესტივალს, ქვემო ქართლის რეგიონი, ტრადიციულად, ყოველწლიურად უმასპინძლებს.