თბილისში, სავარაუდოდ, 2 დღის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მომხდარი შემთხვევის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი ქალი ორი დღის გარდაცვლილია. მის გარდა, ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში კიდევ სამი ქალი დახვდათ, მათგან ორი უგონო მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთი ქალი არის გარდაცვლილის და, მეორე ქალი – ნათესავი, მესამე კი 30 წლამდე ქალია, რომელიც გარდაცვლილის დას ნაშვილები ჰყავდა.

ამასთან, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილის დისშვილს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ის ერთადერთია, ვინც სახლში შესულ მაშველებს კონტაქტური დახვდათ. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამივე ქალი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. გარდაცვლილის ცხედარი კი, პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინაში გარდაცვლილი ქალი დღეს იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ ბინიდან უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. მეზობლების თქმით, მათ კარს არავინ უღებდა, რის შემდეგაც, მაშველები გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში ქალის ცხედარი დახვდათ.