თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) აცხადებენ, რომ არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.
არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. არჩევნების დღეს ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ. ცესკო-ს ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისები.