პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ისინი საზოგადოებას 19:00 საათზე, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ისინი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბლეის სხდომის წაყვანის ფაქტს აპროტესტებენ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. რამაც მოქალაქეები და დეპუტატები გააღიზიანა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია სხვადასხვა პარტიისა და თანამდებობის პირებმა დააფიქსირეს და მსგავსი საქციელი გააპროტესტეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მიმართულებით პარლამენტის ტრიბუნიდან წყალი გადაასხა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებმა საბოლოოდ პარლამენტის შენობა დატოვეს. ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებით, სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.
საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდება, თუმცა სად, არ დაუკონკრეტებია.