ცესკო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მიმართავს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების განხორციელებას. შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ისაუბრა თუ როგორ იმუშავებს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის დროს ცესკო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მხრივ. მიქელაძემ აღნიშნა, რომ ცესკო ამომრჩევლებს მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს.
„9 ივნისს, დილის 07:00 საათიდან იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე, დღის განმავლობაში ცესკოს მედიაცენტრში გაიმართება ბრიფინგები საზოგადოების ინფორმირების მიზნით. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების დაუბრკოლებლად განხორციელებას“, – განაცხადა მიქელაძემ.
მანვე ისაუბრა შშმ ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი სერვისების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენელთა დასწრების შესახებაც.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის სერვისები. 9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919-მა წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი“, – აღნიშნა მიქელაძემ.