ჯიხაშკარის ჭაქვინჯას ციხეში, სავარაუდოდ, ადრეული შუასაუკუნეების პერიოდის სამარხები და 3200 წლის წინანდელი კერამიკული მასალა აღმოაჩინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ჭაქვინჯას ციხეში, სავარაუდოდ, IV-X საუკუნეების პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა განუცხადა, არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეებმა ციხის ციტადელში თავის ქალები 14 ივნისს აღმოაჩინეს.
მისივე ინფორმაციით, ამავე ციხეში, სავარაუდოდ, 3200 წლის წინანდელ კერამიკულ მასალას მიაკვლიეს. სავარაუდოდ აღმოჩენილი სამარხები ქრისტიანულია, არის ვარაუდო რომ იქ ეკლესიის გარშემო იყო ქრისტიანული სასაფლაო.
რაც შეეხება მეორე აღმოჩენას, ლომიტაშვილი ამბობს, რომ არქეოლოგების მიერ ჯიხაში ნაპოვნი კერამიკული მასალა გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ ამ ტერიტორიაზე კულტურული განვითარება 14 საუკუნით ადრე შეიმჩნევა. „ეს აღმოჩენა ცვლის სტრაფიგრაფიას ჭაქვინჯას ციხის ტერიტორიის შესახებ, რომლის აშენების თარიღად IV-V საუკუნეებია მიჩნეული. სავარაუდოა, რომ აქ კულტურული განვითარების პერიოდი გაცილებით ადრე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიწყო“, – აღნიშნა დავით ლომიტაშვილმა.