არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა,რის შედეგადაც ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 27 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

27 ივნისის ინციდენტის აღკვეთის მიუხედავად, 28 ივნისს გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება კვლავ მოხდა ორ თანამესაკნე მსჯავრდებულს, 2002 წელს დაბადებულ გ.თ.-სა და 2001 წელს დაბადებულ დ.ყ.-ს, შორის. მოცემული ჩხუბის შედეგად მსჯავრდებული დ.ყ. N11 პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, ხოლო მსჯავრდებული გ.თ. კლინიკაში მოთავსდა.მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანი უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა.ამჟამად მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაციის დაგეგმვა ყბის მოტეხილობის გამო.

28 ივნისს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები ორივე საქმეზე მიმდინარეობს, რომლის მიზანიც არა მხოლოდ მსჯავრდებულთა,არამედ თანამშრომელთა ქმედებების სისხლის სამართლის ჭრილში შეფასებაა. 28 ივნისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეთხოვა ნებართვა N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გათავისუფლებაზე,კანონით დადგენილი წესით.

29 ივნისს, იუსტიციის მინისტრის მიერ გაიცა თანხმობა დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.