თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ მშენებლობაზე სავარაუდოდ არასრულწლოვანი დაასაქმეს. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, საქმეზე მოკვლევა დაწყებულია და ობიექტზე სამუშაოები შეჩერდა.
ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით,ერთ-ერთ მშენებლობაზე 16 წლის მოზარდი იყო დასაქმებული, ადგილზე ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებულია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
კანონით მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტზე არასრულწლოვნის დასაქმება აკრძალულია. კომპანია ვალდებულია, ვიზიტორების კონტროლიც განახორციელოს. ასეთ ობიექტზე უცხო პირის მოხვედრაც კი დარღვევად ითვლება და ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით ითვალისწინებს.
მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი მშენებლობაზე დასაქმებულ ბიძაშვილთან იყო მისული და თავად არ მუშაობდა.
23 ივლისიდან სამშენებლო ობიექტებზე კონტროლის მექანიზმი გამკაცრდა. სამი უწყების – თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, შრომის ინსპექციისა და ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები ერთდროულად ამოწმებენ თბილისში მდებარე სამშენებლო ობიექტებს. ამ დროის მონაცემებით, შემოწმებულია 24 ობიექტი. მშენებლობა შეუჩერდა 11 კომპანიას.