საქართველოს ეროვნული ბანკი, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში (თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში).
საქართველოს ეროვნული ბანკი ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
„საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკი 2019 წლის 21 თებერვალს დატოვა. თუმცა 24 ივნისს TBC BANK Group PLC-ის აქციონერებმა ხმა მისცეს დირექტორთა საბჭოში ხაზარაძის თავმჯდომარედ, ხოლო ბადრი ჯაფარიძის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც ტოვებენ. ამის შესახებ მათ 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადეს.
სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.