მაშველებმა ყაზბეგში, ალპურ ზონაში ჩარჩენილი ორი მოქალაქე გადაარჩინეს

ყაზბეგში, 3 200 მეტრის სიმაღლეზე მაშველებმა მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი. ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 3 200 მეტრზე მყოფი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფის მაშველები გავიდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფისა და მანძილის სიშორის გამო, სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. მაშველების დახმარების შედეგად ორივე მოქალაქე ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.