არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს ბრალი წაუყენეს

დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, სამშენებლო სამუშაოების უსფრთხოების წესების დარღვევისთვის სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დაკავებულ დირექტორს დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხვალ, 12.00 საათზე იმსჯელებენ.

გამოძიების ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.