ჩვენი გადაწყვეტილება, პროპორციული არჩევნები 2020 წელს ნულოვანი ბარიერით გაიმართოს, სწორი იყო და პროცესში ოპოზიციის ჩართულობამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირველი სამუშაო დღე გაფართოებულ ფორმატში შედგა.
„პირველმა სამუშაო დღემ გაფართოებულ ფორმატში, სადაც კიდევ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია იყო ჩართული, გვაჩვენა რომ პროპორციული არჩევნების გადაწყვეტილება 2020 წელს ნულოვანი ბარიერით იყო სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება. ოპოზიციური პარტიების მიერ დაინტერესება არის მაღალი. მათი ჩართულობა დღეს რეალურად იყო უზრუნველყოფილი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს სამუშაო დღე შედგა.
ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან და საშემოდგომო სესიაზე უკვე მაქსიმალურად შეჯერებული ინიციატივებით, პროექტებით და ცვლილებებით წარვსდგებით პლენარულ სესიაზე. ეს გადაწყვეტილება, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით და ნულოვანი ბარიერით მისი ჩატარება, ემსახურება იმას, რომ საქართველოს მომავალში ჰქონდეს კიდევ უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა, ჰქონდეს უფრო პლურალისტული წარმომადგენლობა ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესში და პარლამენტში, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს იმას, რომ პოლიტიკური სისტემა იქნება სტაბილური, გადაწყვეტილების მიღება იქნება კიდევ უფრო მეტად მონაწილეობითი და ეს პროცესი სახეზეა. ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ოპოზიციის ჩართულობამ ამ პროცესში ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს კატეგორიული პოზიციები პარტიების მხრიდან არ მოუსმენია, თუმცა ჩართულობა, რომელიც დღეს იყო აჩვენებს, რომ არის რესურსი მაქსიმალური შეთანხმება მოხდეს საკითხებზე.
„მე ვფიქრობ დაფინანსების სისტემაზე როცა ვმსჯელობთ, აქ დღეს აშკარა იყო, რომ მაქსიმალურად ფართო შეთანხმებისკენ მიდის პროცესი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თვითმიზნად არ ვიხდით იმას, რომ აბსოლუტურად ყველა დაეთანხმოს ამას, ისევე როგორც ნულოვან ბარიერთან და ბლოკთან დაკავშირებით. ჩვენი გადაწყვეტილება არის მყარად არგუმენტირებული, რომ ნულოვანი ბარიერი აძლევს საშუალებას ყველა პოლიტიკურ პარტიას მოსინჯოს თავისი ძალები და უზრუნველყოს თავისი წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში. შემდეგ, ან მანამდე მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გადაწყვიტონ ვისთან ექნებათ კოალიცია, ვისთან გაერთიანდებიან იდეის თუ გადაწყვეტილების გარშემო. ამას, რა თქმა უნდა, არ გვიკრძალავს ეს საარჩევნო მოდელი და ეს საარჩევნო სისტემა.
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ კატეგორიული პოზიციები დღეს ჩვენ არ მოგვისმენია ოპოზიციის მხრიდან. ჩართულობა რომელიც ვნახეთ და მათი მაღალი დაინტერესება ამ სამუშაო პროცესში, აჩვენებს იმას, რომ არის რესურსი რომ მაქსიმალური შეთანხმება მოხდეს საკითხებზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ თვითმიზანი არ არის ყველა დაეთანხმოს ამას. თვითმიზანი არის ის, რომ საბოლოოდ მივიღოთ, როგორც სახელმწიფომ და საზოგადოებამ მიიღოს ის შედეგი, რასაც ევროპაში პროპორციული სისტემა აძლევს საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ხვალინდელი სამუშაო პროცესი მთლიანად იქნება აწყობილი იმაზე, რომ დასრდეს მსჯელობა პროპორციულ არჩევნებთან, ნულპროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით.
„პროპორციულ არჩევნებზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის აქ პრინციპული ყველა პარტიისთვის. დღეს ეს გამოჩნდა, ჩვენ არ მოგვისმენია კატეგორიული პოზიციები ნულპროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ სანაცვლოდ, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებს, რა თქმა უნდა, მათ პირდაპირ ინტერესშია, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობა არჩევნებში და არა მხოლოდ მონაწილეობის, არამედ, რეალურად ჰქონდეთ შანსი, რომ მათი წარმომადგენლობა შევიდეს პარლამენტში. ეს არის მათი ინტერესი და ამ ინიციატივის ძირითადი შედეგი სწორედ ეს იქნება, რომ ბუნებრივი პრივილეგია არ ექნება მმართველ პარტიას და მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკური პარტია თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაერთვება არჩევნების პროცესში. ასევე, უნდა გითხრათ, რომ ნულოვანი ბარიერი ეს იქნება ერთჯერადი ზომა, ვინაიდან 2024 წლიდან უკვე ახალი კონსტიტუცია ისედაც განსაზღვრავს ბარიერს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად, შესაბამისად, ეს სტანდარტი თავსებადია ევროპულ სტანდარტთან.
სამუშაო პროცესი მთლიანად იქნება აწყობილი იმაზე, რომ ჩვენ დავასრულოთ მსჯელობა პროპორციულ არჩევნებთან, ნულპროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით, და ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეუთოს რეკომენდაციების დოკუმენტში არის ჩამოთვლილი, ვინაიდან პროპორციულ სისტემასთან ერთად ყველა ეს საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც ოპოზიციისთვის, ასევე, ბუნებრივია, მმართველი გუნდისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.