საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, პირველი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
არჩილ თალაკვაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებამ მოახდინა ინიცირება მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის, რაც ასე აკლდა ქართულ პოლიტიკას გასულ ათწლეულებში “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ, სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად უწევს წინააღმდეგობას რუსეთის შეტევას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
„გვწამს, რომ რუსული ოკუპაცია მხოლოდ დროებითია.ჩვენი მიზანია, ეს უთანასწორო ბრძოლა რუსეთთან მშვიდობიანი, თუმცა მტკიცე წინააღმდეგობის გაწევით, გამარჯვებით დავასრულოთ”, – მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.