გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ა. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლნისსა და მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეებს მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს. ზ.ა.-მ ორ დაზარალებულს, საერთო ჯამში, 2 500 ლარამდე თანხა გამოსძალა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება გამოძალვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.