დაბა მესტიაში, სადაც მდინარე მესტიაჭალის ადიდებას წყალმოვარდნა მოჰყვა და ჰიდროელექტროსადგურ “მესტიაჭალა 1”-ის მიმდებარე ხეობა დააზარალდა, გაწმენდით სამუშაოებს ვერ იწყებენ.
ამ დროისთვის ადგილზე წყლის დონემ შედარებით იკლო. მდინარეში, დაახლოებით, 10-მდე ავტომობილია ჩარჩენილი და დაზიანებულია მესტიაჭალა ჰესის წყალშემკრებ სადგურთან მდებარე საავტომობილი ხიდი.
იმის გამო, რომ წყალი ტერიტორიაზე ისევ დგას, გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. გარემოს დათვალიერების შემდეგ ჯერ საფეხმავლო გზები მოეწყობა შემდეგ კი აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
ადგილობრივების თქმით, სტიქია ხეობაში არსებულმა ჰესმა გამოიწვია. კომპანია “სვანეთი ჰიდროს” ტექნიკური დირექტორი ლუკა ჩაჩიბაია კი განმარტავს, რომ წყალი “სვანეთი ჰიდროს” შენობებისგან მოშორებით დაგუბდა და სტიქია ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება.