ეროვნული ბანკის რეკომენდაციები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის

ბიზნეს-გაერთიანებების წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არჩილ მესტვირიშვილს შეხვდნენ.
განხილვის მთავარი თემა ეროვნული ვალუტის კურსი, ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები, ინფლაცია, დედოლარიზაციის პოლიტიკა და საბანკო რეგულაციები იყო.

მონაწილეებმა ეროვნული ბანკისგან მიიღეს რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებები და აქტივობებია საჭირო იმისთვის, რომ შემცირდეს ლარის კურსის მერყეობისგან გამოწვეული ფინანსური რისკები.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სებ-ი ლარის კურსზე ხელოვნურ ზემოქმედებას არ აპირებს, ვინაიდან ეს მათი ფუნქცია არ არის და ლარი მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმშია. სებ-ში აცხადებენ, რომ მათი ძირითადი ფუნქციაა მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში ინფლაციის მართვა.

,,ეროვნული ბანკი იძლევა რეკომენდაციებს ისეთი საბანკო ინსტრუმენტების გამოყენებისა, როგორიცაა საბანკო ფორვარდ, რაც გულისხმობს სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას წინასწარ დადგენილი და შეთანხმებული კურსით, რომელიც აღარ შეიცვლება. ასევე კრედიტების აღებას მხოლოდ ლარში”, – ნათქვამია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.

შეხვედრას ასევე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, მწარმოებელთა ფედერაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, რესტორატორთა ფედერაციისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.