თბილისში სხვა ქალაქებიდან შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს მხოლოდ დედაქალაქის შემოსასვლელებთან მიიყვანს.
სხვა ქალაქებიდან თბილისში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში გადაადგილებას ვერ შეძლებს და მგზავრებს მხოლოდ ქალაქის შემოსასვლელებთან დატოვებს -ინიციატივა თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებულ დოკუმენტშია ასახული.
დოკუმენტზე მუშაობა „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფმა თითქმის დაასრულა. ამ ეტაპზე ქაღალდზე არსებული იდეებით, რომლის ავტორიც ფრანგული კომპანია „სისტრაა“, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ახლებური და ინოვაციური სქემა შემოდის. სწორედ სქემაშია განსაზღვრული თბილისში სხვა ქალაქებიდან შემავალი ტრანსპორტის მარშრუტიც.
იდეის თანახმად, მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს. მარშრუტი თბილისის მერიასთან შეთანხმებით უნდა დადგინდეს,თუ რა ადგილას ჩამოსვამს მგზავრს, სხვა ქალაქებიდან და მათ შორის რუსთავიდან შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
დოკუმენტის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს რუსთავიდან თბილისამდე გადაადგილების საფასურიც,რადგან მძღოლს მთელი ქალაქის გავლა აღარ მოუწევს. კვლევა ნოემბრის ბოლოს დასრულდება და თბილისის მერიას გადაეცემა.