ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომელმაც აღკვეთი ღონისძიების სახედ ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობა გამოიყენა. როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მხრივ არსებული პრაქტიკა ცუდია.

„ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ირაკლი ოქროაშვილის პატიმრობაში დატოვების გარემოებები არ არსებობს. საქმიდან გამომდინარე, არ არის მიმალვის ან ვინმეზე ზემოქმედების მოხდენის საშიშროება. მოსამართლეს შეეძლო გამოეყენებინა გირაო ან პირადი თავდებობა. ხვალ მივიტანთ კანცელარიაში საჩივარს, იმედია სააპელაციო სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს“, – აღნიშნა მამუკა ჭაბაშვილმა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა.