ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს , რომ რუსთავი 2-ის რეალური მფლობელი არა ქიბარ ხალვაში, არამედ თვითონაა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის შეძენის მიზნით, მოლაპარაკებები ქიბარ ხალვაშს არასდროს უწარმოებია და ამ პროცესში ის თავად იყო ჩართული.

“ეს ზურგი ვიყავი მე, ეს ზურგი იყო ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენდი. რუსთავი 2-ის ყველა მოლაპარაკება იყო ნაწარმოები ჩემს მიერ ეროსი კიწმარიშვილთან იმის გამო, რომ მასთან მაკავშირებდა საკმაოდ ახლო და საქმიანი ურთიერთობა და ასევე მის პარტნიორებთან, დვალთან და აქიმიძესთან და დეტალებზეც შემიძლია ვისაუბრო”, — განაცხადა ოქრუაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის რეალური მფლობელი არა ქიბარ ხალვაში, არამედ თვითონაა. გარდა ამისა, ის მზადაა, ტელეკომპანიის “ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს” წილების 80 პროცენტი მისცეს, რათა მათ ხალვაშთან იდავონ.

ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. მომავალ კვირას კი წილების გადაცემის მოთხოვნით სარჩელის შეტანაც იგეგმება.

ოქრუაშვილის ბრალდებებს უარყოფს ქიბარ ხალვაში. მისი ადვოკატი და ახლა უკვე ტელეკომპანიის დირექტორი, პაატა სალია ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ყალბია და ქიბარ ხალვაშს ხელი არ მოუწერია. ამასთანავე სალია ამტკიცებს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის რუსთავი 2-ზე შეთანხმება არასდროს ყოფილა.