პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ირაკლი ოქრუაშვილს ადვოკატის თქმით, მას ბრალი 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა. რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
“ბრალდების ფორმულირება ასეთია, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში ზოგიერთებმა დაიწყეს ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც თითქოს მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის როგორც ყოველთვის პოლიციელთა ჩვენებები და სხვა არაფერი. აქედან რომ წავალ, გადმომცემენ მათ ჩვენებებს. რაც შეეხება მის პოზიციას, ის უარყოფს დანაშაულს. ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა.”-განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს.