„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ.
როგორც პროცესის დაწყებამდე ხაზარაძემ განაცხადა, მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ ორი დღის წინ გამართულმა ბრიფინგმა ქვეყანას და ქართულ ეკონომიკას მილიარდიანი ზარალი მიაყენა.
„ჩვენ პრესიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობის და პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას ორ მილონ ლარში ცვლიან, აღარ ვლაპარაკობ ნდობაზე, რეპუტაციაზე და იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს ჩვენ ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროცესზე შესვლამდე.
მამუკა ხაზარაძის თქმით, შეუძლებელია მოლაპარაკებები აწარმოო ბანკებთან იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა სახალხოდ ბრალს სდებს მათ. მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ის და ბადრი ჯაფარიძე პრესკონფერენციას მომავალ კვირას გამართავენ.
“მე და ბადრი ჯაფარიძემ გადავწყვიტეთ, მომავალ კვირას გვქონდეს პრესკონფერენცია. ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, გადავიწევთ უკანა პლანზე, მე ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას, ბადრი – მოადგილეობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. აღნიშნულ ნაბიჯს გადავდგამთ, რათა ეს პროექტი არ გაჩერდეს. შეუძლებელია ბანკებს ესაუბრებოდე 650 მილიონის ინვესტიციაზე და ყოველდღე პროკურატურა სახალხოდ ასეთ ბრალდებებს გადებდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.