მუცო ევროპის 16 საუკეთესო სარეაბილიტაციო პროექტს შორის მოხვდა

მუცო შესაძლოა, ევროპის „საზოგადოების რჩეული“ და გრან-პრის მფლობელი გახდეს. ძეგლი ევროპის 16 საუკეთესო სარეაბილიტაციო პროექტს შორის მოხვდა, გამარჯვებისთვის კი მხოლოდ ხმების საკმარისი რაოდენობაა საჭირო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, გამარჯვებული მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვლინდება, მანამდე კი ხმის მიცემის პროცესში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

„როგორც იცით, წელს მუცომ ევროპა ნოსტა მიიღო და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სარესტავრაციო პროექტებს შორის დასახელდა (149 პროექტიდან 16-ში მოხვდა). ჩათვალეთ, ეს იგივეა, რაც ოსკარის მიცემა, ოღონდ ძეგლთადაცვის სფეროში. ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის მიცემა, რათა ევროპის „საზოგადოების რჩეული“ გამოვლინდეს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ იაქტიურონ. შემოდგომაზე იქნება გრან-პრის დაჯილდოვება და იმედი მაქვს, რომ ამ 16 პროექტიდან მუცო გამარჯვებული გახდება. ამისთვის საჭიროა, რომ ადამინები შევიდნენ შემდეგ მისამართზე: vote.europanostra.org-ზე და პირველი ხმა აუცილებლად მუცოს მისცენ, შემდეგი ორი ხმა კი (სულ 3 ხმის მიცემის უფლება აქვთ) მათთვის მოსაწონ პროექტს. მთლიანი პროცედურა სულ 3 წუთს მოითხოვს, სამაგიეროდ, ძალიან დიდი შანსი აქვს მუცოს, რომ გახდეს როგორც ევროპის საზოგადოების რჩეული, ასევე გრან-პრის მფლობელიც“,- აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

ცნობისთვის, მუცოს აღდგენის პროექტს 2014 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მხარდაჭერით ახორციელებს.