პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები- სასტუმრო რუსთავის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა რუსთავის, დმანისის, წალკის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საკრებულოების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან იმართება.
შეხვედრას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ნინო წილოსანი და დიმიტრი ცქიტიშვილი უძღვებიან. შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლები საბჭოს საქმიანობასა და იმ აქტივობების შესახებ საუბრობენ, რომლებიც 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებშია განსახორციელებელი, მათ შორის: ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, სექსუალური შევიწროება, გენდერული ბიუჯეტირება, ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის საკითხები.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათისაა და დამსწრე საზოგადოებას დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს. შეხვედრის ფარგლებში განიხილება შესაძლო დამატებითი მექანიზმები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს გააქტიურების და პროცესებში ჩართვის მეტ საშუალებას მისცემს.
შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით იმართება.