მიუნჰენში 2021 წელს დაგეგმილი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის 4 მასპინძელი ქვეყანა დასახელდა, მათ შორის საქართველოც არის, თბილისი კონტინენტის პირველობის ერთ ჯგუფს უმასპინძლებს.
თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ. კანდიდატი სულ 7 ქვეყანა იყო: ბუდაპეშტმა, ტალინმა და ლიუბლიანამ მასპინძლობის უფლება ვერ მიიღეს.
ევრობასკეტი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. ტურნირი 17 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტოს დასრულდება. კონტინენტის ჩემპიონატში 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრობასკეტის საგზური ავტომატურად მოუტანა.
მიუნჰენში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია და საპატიო სტუმრის რანგში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდნენ, რომლებიც გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ.
ჯერ კიდევ მარტში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საუბრობდა, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაში თბილისში 15 000 გულშემატკივარზე გათვლილი არენა აშენდებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველომ კონტინენტური ტურნირის მასპინძლობის უფლება მიიღო, ახალი დარბაზის აშენება აუცილებელი ხდება, რადგან სპორტულმა კომპლექსმა „ფიბას“ ყველანაირი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს.