საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციას დაესწრო და პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა ახლად გახსნილ უნივერსიტეტში პირველი ლექციაც ჩაატაროს.
“დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარებაა და ცხადია, უნივერსიტეტისა და სკოლის დაარსება ერთ-ერთი გზაა რეგიონების განვითარებისა და გაძლიერებისთვის. ამავდროულად, განათლება ჩვენი მთავრობის დღევანდელი პრიორიტეტია და ხვალ, ევროპულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველო მზადაა გახდეს ევროპული განათლების სივრცის სრულფასოვანი წევრი და საქართველოსთვის ევროპაში შესვლა პირველ რიგში სწორედ ევროპული განათლების სივრცის სრულ წევრობას ნიშნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ,,ერასმუსის” პროგრამის ერთ-ერთი მთავარი და წარმატებული გამომყენებელია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კამპუსი, რომლის გახსნაც აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიგეგმა, 1500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტსა და 500 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება. კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამებზე.