პრეზიდენტი მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებისაკენ მოუწოდებს

С ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გურჯაანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, C ჰეპატიტის სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაიტარა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ნახევარზე მეტი გავლილია, მძიმედ დაავადებული ადამიანები უკვე განიკურნენ და  აუცილებელია  ტესტირება ყველამ გაიაროს.პროცედურა სრულიად უფასოა.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი მივიდეს ყველა მოქალაქემდე და  დამარცხდეს C ჰეპატიტი.

აღსანიშნავია რომ,  ე.წ. “ინტეგრირებული სკრინინგის” პროგრამა კახეთის რეგიონში უკვე ამოქმედდა, რაც ნიშნავს რომ ერთი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია 3 ყველაზე მძიმე დაავადების დიაგნოსტიკა, როგორიცაა: C ჰეპატიტი, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი.