გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს.
დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილის შემცველობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 120 სინჯის აღება მოხდება. უწყების ინფორმაციით,შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია და სამხარაულის სახელობის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” უზრუნველყოფს.
კვლევის შედეგად, დიზელის საწვავის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში დადგინდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით გამოიწვევს .